მოსახლეობის აღწერა 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაიწია. როგორც საქსტატში განმარტავენ, მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის მხოლოდ პირველ ეტაპზე (14-28 ნოემბრის პერიოდში) იქნა გამოყენებული. მეორე ეტაპზე კი მონაცემთა შეგროვება კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გაგრძელდა.

აღწერის მიმდინარეობისას ქ. თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრისთვის მეტად კომფორტული აღმოჩნდა თვითრეგისტრაციის მეთოდი.

აღნიშნულის გათვალისწინებით და მოქალაქეთა თხოვნით, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე საქსტატმა გადაწყვიტა, რომ 20 დეკემბრიდან, კვლავ გახსნას აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რათა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეავსონ ელექტრონული კითხვარი. ამ შემთხვევაში საქსტატის ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო. ამისათვის საჭიროა ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს საქსტატის ვებსაიტზე https://census2024.geostat.ge/ka გაიაროს მარტივი რეგისტრაცია, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებით, აუცილებელია რომ საქართველოში აღწერა 2024 წლის ბოლომდე ჩატარდეს. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმაც.

აღწერა უდიდესი მასშტაბის სტატისტიკური გამოკვლევაა, რომელსაც საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი ატარებს. მათ შორის არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც წინა აღწერებშიც მონაწილეობდნენ. აღმწერებს შორის არიან ასევე სტუდენტები, გამორჩეული უნარების მქონე მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. საქსტატი 5 თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მათი შერჩევის და გადამზადების მიმართულებით.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.

აღწერაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.