- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირდება დარბაზი, გასახდელი, სპორტული ინვენტარის ოთახი და კორიდორი. დამონტაჟდება კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადე, ელექტრო გაყვანილობა. ოთახები აღიჭურვება ავეჯით, განთავსდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ სოსო გოგია აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 82906 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.