- ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი და რეკრეაციული სივრცე. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოეწყობა შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი. სკოლა უზრუნველყოფილ იქნება ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო განგაშისა და შეტყობინების სისტემებით, კვამლის გამწოვი ავტომატური სისტემითა და სამართავი ცენტრით.
საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.
სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.