- ხობის მუნიციპალიტეტში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სახელმწიფო ორგანოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართა.
მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირი თამუნა სიჭინავა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი ხათუნა ესებუა ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ და ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ფოთის რაიონული პროკურატურის და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემაზე შეხვედრა გაიმართა. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კოდუამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფონდ „ნეფას“ წარმომადგენლებმა „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ თანამშრომლებთან ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს.
სასულიერო პირების, მასწავლებლების და მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია თემაზე – ოჯახში ძალადობის გამომწვევი ფაქტორები და თავის არიდების გზები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს კლინიკური ფსიქოლოგი, ნანა ფაცაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების საკითხებზე და მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა, თამთა ალანიამ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან გენდერული ძალადობის გამომწვევი ფაქტორების და სტერეოტიპების თემაზე შეხვედრა გამართა.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება და მისი მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციაა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს