- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით, საბჭოს თავმჯდომარედ დემურ ბუკია, ხოლო საბჭოს მდივნად ანა არაბული აირჩიეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტიურობისთვის. მერის განცხადებით თანამშრომლობა იქნება მრავალმხრივი, ნაყოფიერი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე და მათი წინადადებების განხორციელებაზე ორიენტირებული.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ანა არაბული, გია გელაშვილი, დემურ ბუკია, თეონა ჩარგაზია, კახაბერ ნადარაია, კუკურ ნაცვლიშვილი, ლევან აბრამია, ლელა ალანია, ლელა ჯახუა, ნუგზარ შონია, როლანდ ჯიქია, ფერიდე გოგია.
საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება განიხილოს მერის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების პროექტები. მოამზადოს, განიხილოს და მერს წარუდგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები; სხდომაზე მოიწვიოს და მოუსმინოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადების პროცესში და განიხილოს ბიუჯეტის პროექტი.
საბჭოს საქმიანობის მიზანია: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მერის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს