- ” საქართველო ყველა არხს იყენებს იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინა დროულად შემოვიდეს ინდოეთიდან”,- განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, არის აგრეთვე ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მათი რეგისტრაცია და გამოყენება. მილიონობით დოზა უკვე შეიძინა ბრაზილიამ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო ადრე კატეგორიულად უარყო კორონავირუსის ჩინური ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა, დღეს ქვეყანა ასეთ შესაძლებლობასაც განიხილავს. გაბუნიას თქმით, ჩინური „სინოფარმი“ ჯანმოს ავტორიზაციას, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე მიიღებს.
საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (29 250 დოზა) 22 მარტის შემდეგ უნდა მიიღოს. დაახლოებით ამავე დროს შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინაც.
COVAX–პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის – 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი. საქართველომ ასევე გამოთქვა ინტერესი Novavaх-ის ვაქცინის 1 მლნ დოზის შეძენაზე.