- საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 29 აპრილს გასამართი რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, წელს პირველად ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია.
შეხვედრის მეორე ნაწილი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და დისკუსიას დაეთმო, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების – ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ სიახლისა და საარჩევნო პროცედურის შესახებ, რომელსაც ჩვენი ინსტიტუცია საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახორციელებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მათ გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ნოვაციებისა და სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა ჩართულ მხარესა თუ ამომრჩევლებს სთავაზობს. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. აქვე გვქონდა დემონსტრირება იმ ტექნოლოგიური საშუალებების, რომელთა გამოყენებითაც დაგეგმილია როგორც 29 აპრილის, ისე 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარება. შევთანხმდით, რომ ახალი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გავაგრძელოთ შეხვედრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის მიმოცვლას, მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში და შესაბამისად საზოგადოების ინფორმირებას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
კომუნიკაციის გაძლიერებისა და ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმაც, და აღნიშნეს რომ შეხვედრების ახალი ფორმატი საზოგადოების სწორ და დროულ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.
მედიასთან ახალ ფორმატში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პრეს-სპიკერი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.