- 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.
აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.