ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც სისხლის ხარისხის და უსაფრთხოების არსებული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.
კანონპროექტის წარდგენისას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს მიზნად.
“მოქმედი კანონი 1995 წელს არის მიღებული და ბევრ ნაწილში არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს; შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის უკვე მოძველებული. ახალი კანონპროექტი კი ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში უყრის თავს ყველა პრინციპს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობა ამ სფეროში შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან, რომლებთან ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს; ასევე უზრუნველვყოთ საქართველოს მოსახლეობის საჭიროებები უსაფრთხო სისხლთან მიმართებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კანონპროექტი, რომელიც 7 თავისა და 46 მუხლისგან შედგება, არეგულირებს სისხლის, მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და სხვა შესაბამის ღონისძიებებს, ასევე სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თამარ გაბუნიას განცხადებით, პროექტში აქცენტი კეთდება როგორც დონორის, ისე მიმღების უფლებებზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ასევე ჰემოზედამხედველობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად ახალი მექანიზმია და რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისხლის პროდუქტებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების და გვერდითი რეაქციების აღრიცხვა-მონიტორინგი და ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკების მონიტორინგი.
კანონპროექტით შეიქმნება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების სისტემა, განისაზღვრება ლიცენზიის გამცემი ორგანო და ლიცენზიის გაცემის წესი, დადგინდება კომპეტენტური ორგანოს მიერ სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები. თამარ გაბუნიას განცხადებით, რეფორმა კომპლექსურია და ეტაპობრივად განხორციელდება, 2025 წლის 1 ივლისიდან კი ქვეყანა სრულად გადავა უანგარო დონორობის პრინციპზე, შესაბამისად, სისხლის დონორობა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში, საქართველოშიც ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს დაეფუძნება. ახალი კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები ასევე შევა მოქმედ 12 კანონსა და კოდექსში.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.