- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა და მონაწილეებს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა როგორებიცაა: საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების, წინასწარი შედეგების გამოცხადების, კენჭისყრის დღეს გამოვლენილი საკითხებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისები. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ამ არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით 29 აპრილის არჩევნები იყო კარგი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად მომზადებული შეხვდეს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებს.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ისაუბრა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ ახალ ფორმატებზე, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ექსპერტულ წრეებს.
„მიზნობრივ ჯგუფებთან ეტაპობრივი და უწყვეტი კომუნიკაცია, მათ შორის ორმხრივი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულებისთვის. შესაბამისად, ჩართულ მხარეებს დღეს წარვუდგინეთ 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში შედეგებთან და მიგნებებთან დაკავშირებით და ასევე ვისაუბრეთ იმ საარჩევნო სიახლეების და ნოვაციების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დანერგა. ასევე ვისაუბრეთ ამომრჩეველთა ინფორმირების და განათლების აუცილებლობაზე, იმისთვის რომ ჩვენ 2024 წელს ჩავატაროთ საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების არჩევნები,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას.
ღონისძიება 24 მაისს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იღებდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.