- ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და სახლებში. ჩამორეცხილია გზები, დაზიანებულია ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება არხები და ღელეები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მერიის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
უწყების ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის სამსახურები და თვითმმართველობის შესაბამისი იურიდიული პირები.
ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. პრობლემურ ადგილზე მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.
ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.