- დღეს, ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. კულტურის სასახლეში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ბავშვთა ნახატების გამოფენა. ცენტრალურ პარკში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა შეჯიბრებები, ხოლო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „ხეთა“ გახდა.
საზეიმო საღამო კონცერტით გაგრძელდა – კულტურის სასახლეში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ქორეოგრაფიული ჯგუფები, სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდი, კვარტეტი „ხობი“ და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის ბავშვები წარდგნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.