- 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ ხობში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი და ხეთაში – 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის პარკში ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 მოქალაქე დაიღუპა ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა. 1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.