ერთი ძველი ფეისბუქპოსტის კვალდაკვალ

  • წინათ, ქუდზე კაციო, დაიძახებდნენ და მტრის დასახვედრად მთელი საქართველო, ერთი კაცივით, გამოვიდოდა. დღეს, შიშიანობაა თუ სიკეთე, ქუდზე კაციო, აღარავინ დაგიძახებს. თუ გული გერჩის, თავად უნდა მიაგნო საკუთარ მოწოდებას და მიხვდე, შენგან, ერთი მოქალაქისგან, ქვეყანასა თუ ხალხს სად, რა და როდის სჭირდება.

ხობის სოფლებში არავის დაუძახია, ქუდზე კაციო. მაგრამ როგორც კი ადგილობრივი მასშტაბებისთვის თითქმის უპრეცედენტო საეკლესიო მშენებლობის ამბავი გადაწყდა, ხალხმა მოუხშირა ბათუს მთის მონახულებას. გული არ უთმენდათ, ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდათ, ადიოდნენ, რომ რაღაც ფორმით მაინც ჩართულიყვნენ მშენებლობის პროცესში. ლაპარაკი არც ყოფილა რომელიმე სამშენებლო ხელობის ცოდნაზე, მთავარი იყო, რომ ადამიანები საკუთარ გულს, სინდისს და ამ კუთხისშვილობას საღვთო საქმეში მიჰყავდა.
შრომობდნენ უფლისთვის მადლის მისაგებად, საკუთარი ფუძე-მოდგმის საკეთილდღეოდ, მიცვალებულთა სულის საოხად… შავ მუშებად, უწყინარი დამხმარე სამუშაოების შემსრულებლებად: ეზიდებოდნენ, აბეტონებდნენ, აგებდნენ, ასუფთავებდნენ…
პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსს ხობის უკლებლივ ყველა სოფლის მოსახლეობა აშენებდა: პირველმაისელები, ხეთელები, ნოჯიხეველები, ახალხიბულელები, ახალსოფლელები, ძველხიბულელები, პატარაფოთელები, საგვიჩიოელები, ქარიატელები, ჭალადიდელები, საჯიჯაოელები, ქვემოქვალონელები, ზემოქვალონელები, ხამისკურელები, გურიფულელები, ბიელები, ყულეველები, თორსა-დღვაბელები, პირველხორგელები, შუახორგელები, შავღელეელები და თავად ხობელები … ჭარმაგები და მოწიფულები, ხანშიშესულები და პირტიტველები, ბავშვებიც კი…
რა თხოვნა, მით უფრო – დაძალება. საძირკვლის კურთხევიდან კომპლექსის გასრულებლამდე ვინ იყო სამშენებლო მოედნიდან ფეხის მომცვლელი!.. ოსტატებს გვერდში ერთად უდგებოდნენ: დედმამიშვილები, მეზობლები, მოგვარეები, მთელი საბიძაშვილოები. თითოეულს წმინდა მიზანი აერთიანებდა, თითოეული გულის ძვლამდე აცნობიერებდა ამ წმინდა საქმის მნიშვნელობას.”

პოსტი დათარიღებულია 2018 წლის 10 მაისით.

დღეს ასე გამოიყურება პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი
13 მაისი, 2018  
· 

კომენტარის დატოვება