- ხობის მუნიციპალიტეტში საჯიჯაო-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი გზა ერთმანეთს ორი მუნიციპალიტეტის ზუგდიდისა და ხობის სოფლებს დააკავშირებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. გზასთან ერთად ეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია პირველ მოადგილესთან და ხობის მერთან ერთად გაეცნო. არსებული გზა ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.