- ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯარო განხილვაში მონაწილეებს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – განათლება, სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი მაჩვენებელი 14 მილიონ 485 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს წევრები, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.