- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია მერის სათათბირო ორგანოს -ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდული საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სათათბირო ორგანოს წევრებმა, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარედ მაკა კობახიძე აირჩიეს.
შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდების ინფორმირება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების/ქვეპროგრამების შესახებ.