- გარდაიცვალა დამსახურებული პედაგოგი ანატოლი (ტოლიკი) ყურაშვილი. ბატონი ანატოლი, 1968 წლიდან იყო ხიბულისა და ნარაზენის საშუალო სკოლების მასწავლებელი. არაერთი ახალგაზრდის აღმზრდელი და დამკვალიანებელი. თავად ანატოლი მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი ვაჟი გახლდათ, – ოჯახის, და – ძმების პატივისმცემელი, მრჩეველი და წინამძღოლი, ახლობლებისა და თანასოფლელების ჭირისა და ლხინის გამზიარებელი და თანამდგომი.
ბატონ ანატოლის დიდი მწუხარების ტარება მოუწია ცხოვრების მეორე ნახევარში – მისი ორი ვაჟი ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა, უდროოდ წავიდა ანატოლის ორი საფიცარი ძმაც. ცრემლი გახდა მისი ყოველდღიურობა, მაგრამ მაინც იბრძოდა, მეუღლეს გვერდში ედგა და ცხოვრებას აგრძელებდა. პატიოსნად იცხოვრა, იშრომა და წავიდა იქ,”სადაც მართალნი განისვენებენ“. არასდროს დაივიწყებენ ახლობლები ანატოლი (ტოლიკი) ყურაშვილის სახელს. დაკრძალვა შაბათს, 31 აგვისტოს, ხობის რაიონ სოფელ ძველ ხიბულაში.