- ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
„სოფლის განვითარების სააგენტოს“ ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა დათო ღადუამ მერის წარმომადგენლებს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა“ გააცნო.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:
• რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
• ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება – მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსება;
• ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებელი) – არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;
• მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მოწყობა (არაუმეტეს 5 კვ. ტ სიმძლავრე) – რძის პირველადი წარმოების ბენეფიციარებისათვის;
• სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა – მცირე და საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს და რძის შემგროვებელი პუნქტის ბენეფიციარებისათვის.