- ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ვენახის ეროვნული კადასტრის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ ვენახების კადასტრის შექმნაზე, მევენახეობის ხელშეწყობაზე და მეღვინეობის განვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვენახების კადასტრი იქმნება ვენახის თითოეული ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.