ხობის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მერიის მიერ ჩაბარებულ კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ოდიშისა“ და შემდგომ, სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელეულ ინფორმაციას, ქ. ხობში ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით, თითქოს კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი და ობიექტი მერიამ ამ სახით ჩაიბარა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ობიექტის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემა და მესაკუთრის მხრიდან მშენებლობის პროცესი წარიმართა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2019 წლის ივლისში, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოპირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მასთან სრული შესაბამისობით.
ობიექტს გააჩნია გამართული საკანალიზაციო ქსელი და ასევე ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია შესაბამისი ნაგებობისთვის. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინების გაყიდვისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის საკითხი დაკავშირებულია უშუალოდ მესაკუთრესთან.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს გავრცელებული ინფორმაციის ავტორებს და ასევე დაინტერესებულ პირებს, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში წინასწარ გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან. მერია სრულ მზადყოფნას გამოხატავს, გასცეს კანონით დაშვებული ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.