- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია.
პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის, ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის, ამავე მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის (ოპტიმიზირებული კორპუსი), მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას, სოფელ იდლიანის, სოფელ იფარის საჯარო სკოლების, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობაზე.
პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ახალი საჯარო სკოლები ასევე აშენდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად მოხდება რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის, ზუმის საჯარო სკოლის, ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის, კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის მშენებლობა, ტენდერი ასევე გამოცხადებულია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის შერწყმული გულეიკარის დაწყებითი კორპუსის და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.
პროექტირება/მშენებლობის ტენდერი ასევე გამოცხადებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის მშენებლობაზე.
სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.