- 31 მარტს, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალურ სახლში პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების, დოკუმენტების გამოფენა მოეწყო და დოკუმენტური ფილმის – “ზვიად გამსახურდია ხობში“ ჩვენება შედგა.
ძველი ხიბულის მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.
აღნიშნული პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას 2019 წლის 29 მარტს, ძველ ხიბულაში სტუმრობისას დაჰპირდა.