ხობში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში წიგნადი ფონდის, ისტორიული ძეგლების/ექსპონატების ფოტო-გამოფენა და ყვავილების, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო და ევროპა“. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო „ევროპის კუთხე”. სტენდთან მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ ლიტერატურას ევროკავშირისა და ნატოს შესახებ, ასევე, მონაწილეობა მიეღოთ თემატურ ვიქტორინაში, რომლის გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.

შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, ჭადრაკსა და ქუჩის კალათბურთში. მოეწყო, წარმატებული ხობელი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ჯილდოების გამოფენა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული ხეთის „ხეთა“ გახდა. „Ხეთამ“ ფინალში „კოლხეთი 2017“ 2-0 დაამარცხა.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

საბავშვო-გასართობი ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ.

17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის შესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

სადღესასწაულო ღონისძიება ,,თბილისური კვარტეტის“ კონცერტით გაგრძელდა. ანსამბლმა ყველასათვის საყვარელი ქართული სიმღერები შეასრულა.

საღამო დასრულდა ფეიერვერკით.

+107

198198

5 კომენტარ

მომწონს

კომენტარის დატოვება

გაზიარება