- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ნერგებისა და ტოტების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
უწყების ცნობით, ავტომობილები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ მონიტორინგს აგრძელებენ, ხოლო უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, გრძელდება 24 საათიანი კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია.